სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ფოტოგადაღების ტრენინგი ჩაუტარდათ

2016 წლის 7-9 ივლისს, ევროსაბჭოს პროექტის - „სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და რეგიონული დეპარტამენტების თანამშრომლებს ფოტოგადაღების საკითხებზე 3 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი გია დეკანოზიშვილი უძღვებოდა, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს გააცნო კრიმინალისტიკისა და ფოტოგადაღების საფუძვლები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგამოძიებო და საექსპერტო კვლევით ფოტოგრაფიაზე. განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სასამართლო მედიცინა, მტკიცებულებათა დამაგრება, ფოტოაპარატი და მისი მუშაობის პრინციპები, პერსპექტივის რეგულირება, ექსპოზიციის განმსაზღვრელი ფაქტორები, დიაფრაგმა და კადრის სიღრმე, ფოტოგადაღების რეჟიმები პრიორიტეტების მიხედვით. ტრენინგის კურსი მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობებს, საცდელ ფოტოგადაღებას და გადაღებული ფოტოების განხილვას. ტრენინგის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ფოტოგადაღების შესახებ სახალხო დამცველის აპარატის შიდა რეგულაციების სამუშაო ვარიანტი.

აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლებამოსილების განხორციელებისათვის მიმდინარე სამუშაოს ფარგლებში. პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები 2016 წლის 1 სექტემბრიდან უფლებამოსილი იქნებიან განახორციელონ პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მატერიალური პირობების ფოტოგადაღება.

6.07.16-8.07.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)