საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოქმედების დროს, ასევე სამარტოო საკანში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების შესაძლებლობას უზღუდავდა.
სადავო ნორმა ითვალისწინებს დისციპლინურ სანქციად სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვის შესაძლებლობას, რომლის პერიოდშიც ავტომატურად იზღუდებოდა სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების უფლება. სარჩელის მიხედვით, ცხელი ხაზის მეშვეობით სახალხო დამცველთან დაკავშირების შესაძლებლობა, უფლებადარღვევების გამოვლენის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და ეფექტური საშუალებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელი იყო.
საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველის არგუმენტაცია. იმის მიუხედავად, რომ პატიმრებს გააჩნიათ, სახალხო დამცველთან წერილობითი კონტაქტის, ხოლო სახალხო დამცველს კი ნებისმიერი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგილზე მონახულების შესაძლებლობა, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვის კონსტიტუციური გარანტია წარმოშობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს პატიმრებისთვის სახალხო დამცველთან კონკრეტული ფორმით - ცხელი ხაზის მეშვეობით - დაკავშირების შესაძლებლობა.
სასამართლომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ აკრძალვას გააჩნდა დისციპლინური სახდელის სახე, ის იყო ბლანკეტური ხასიათის და მოქმედებდა ხანგრძლივი ვადით. სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული წესი მთლიანად უხშობდა პატიმარს შესაძლებლობას ეფექტური და სწრაფი კომუნიკაციის საშუალებით დაკავშირებოდა სახალხო დამცველს.
აღსანიშნავია, რომ ამავე კონსტიტუციურ სარჩელით გასაჩივრებული იყო სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები. სარჩელის წარდგენიდან რამდენიმე თვეში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააუქმა ჩვენს მიერ გასაჩივრებული სხვადასხვა შეზღუდვა (ცხელი ხაზით სარგებლობის საფასური, დაკავშირების ლიმიტები და სხვა). გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ იქნა ცვლილებები პატიმრობის კოდექსში, რომელთა საფუძველზეც პატიმრებს თავისუფლად შეეძლებათ სახალხო დამცველისა და სხვა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებების ცხელ ხაზთან დაკავშირების შესაძლებლობა.
იმედს ვიტოვებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში დადგენილი სამართლებრივი სტანდარტი მრავალი პატიმრის უფლების ეფექტური და ქმედითი დაცვის წინაპირობა იქნება სამომავლოდ.