სიახლეები

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშების პრეზენტაცია

2019 წლის 26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა ორი სპეციალური ანგარიში წარადგინა: (1) პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში; (2) „არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა“.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პენიტენციური და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან-„ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ერთად.

(1) პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიშში - ასახულია ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამებისა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. ღონისძიებაზე განიხილეს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმით განსაზღვრული პრევენციის ეროვნული მექანიზმების როლი წამების პრევენციის მანდატის განხორციელებაში.

პენიტენციური სისტემის მიმართულებით დადებითად აღინიშნა რამდენიმე რეკომენდაციის შესრულება და პენიტენციური სისტემის განვითარების 2019-2020 გეგმის შემუშავება. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერებისკენ იყო მიმართული, კვლავ შეუსრულებელია. მნიშვნელოვან გამოწვევად აღინიშნა კრიმინალური სუბკულტურა, რომელიც პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. მიმოხილული იყო ისეთი პრობლემური საკითხები როგორიცაა, დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსების პრაქტიკა, უსაფრთხოების ზომების შესაბამისი დასაბუთების გარეშე ჩატარება, რეაბილიტაციის ღონისძიებების სიმცირე, დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობა და ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული პრობლემები.

სახალხო დამცველი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რამდენიმე რეკომენდაციის შესრულებას. დადებითად აფასებს 2018 წელს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობის გაზრდას, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს; ასევე, პოლიციის ყველა დეპარტამენტის, სამმართველოს და განყოფილების ვიდეოკამერებით აღჭურვას. თუმცა არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც ყველა იმ სამუშაო ოთახის კამერებით აღჭურვას გულისხმობს, სადაც დაკავებულებს უწევთ ყოფნა. ამასთანავე, პრევენციული ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის საჭირო გარანტიების (ოჯახის წევრებისთვის, ადვოკატისთვის, საკონსულოსთვის შეტყობინება, უფლებების განმარტება და სხვა) ჯეროვან და განუხრელ დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველისადმი პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ მომართვიანობა შემცირებულია 2018-ში, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ დაზიანებათა მაჩვენებელი, რომელიც დაკავებულმა პირებმა მიიღეს დაკავების შემდეგ.

დადებითად უნდა აღინიშნოს სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ამის მიუხედავად, ფსიქიატრიული ჯანდაცვის დარგი მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს საჭიროებს. არ ტარდება საკმარისი ღონისძიებები ფსიქიატრიული ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ბენეფიციარს დახმარება საჭიროებისამებრ არ მიეწოდება. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილობრივ განხორციელების პარალელურად, არ შეიმჩნევა წინსვლა ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ისევ არასაკმარისია პერსონალის კვალიფიკაცია, მცირეა მათი რაოდენობა, უხარისხოა მედიკამენტები, მოძველებულია მკურნალობის ფორმები. დღემდე არ შემუშავებულა დეინსტიტუციონალიზაციის არც სტრატეგია და არც სამოქმედო გეგმა. არ არის განვითარებული სათემო სერვისები, რაც ინსტიტუციების გადატვირთულობას იწვევს.

(2) არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა -სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, 2013-2017 წლებში წარმოებული და შეწყვეტილი 38 სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა. საქმეთა ანალიზმა ცხადყო, რომ ეფექტიანი გამოძიება კვლავ რჩება საგამოძიებო სისტემის მთავარ გამოწვევად. ჩაუტარებელმა, დაგვიანებით ჩატარებულმა და არაჯეროვანი გულისხმიერებით ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა გამოავლინა საგამოძიებო სისტემის დაბალუნარიანობა, ადეკვატური პასუხი გასცეს სახელმწიფოს მიერ ნაკისრ პოზიტიურ ვალდებულებას - გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის შემთხვევები ეფექტიანად.

სახალხო დამცველი წლებია საუბრობს არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტიან გამოძიებაზე, რომლის პასუხად ერთი და იგივე - „მიმდინარეობს გამოძიება“ ისმის. საზოგადოება ნაკლებ შედეგს ხედავს და შესაბამისად, იკარგება ნდობა ამ პროცესისა და ზოგადად, საგამოძიებო ორგანოების მიმართ.

საგამოძიებო უწყებების ხარვეზიანი მუშაობის, გაჭიანურებული გამოძიებებისა და უშედეგოდ შეწყვეტილი საქმეები გამო, სახალხო დამცველი დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ახლადარჩეული სახელმწიფო ინსპექტორი მალე შეძლებს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ეფექტურ განხორციელებას და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტის დასაკმაყოფილებლად.

წინამდებარე ანგარიშში საზოგადოება გაეცნობა 38 კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ანალიზს. ყველა საქმეზე გამოძიება ისე წარიმართა და დასრულდა, რომ შედეგი არ დამდგარა, კონკრეტული პირი პასუხისგებაში არ მიცემულა, გამოძიება ისე შეწყდა, რომ სავარაუდო მსხვერპლი არც ერთ შემთხვევაში არ სცნო გამოძიებამ დაზარალებულად.

გამოძიებას სერიოზული პრობლემები ხშირ შემთხვევაში ჰქონდა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. მიუხედავად ვალდებულებისა, გამოძიება დაეწყო და ეწარმოებინა პროკურატურას, ეს მოთხოვნა მრავალ საქმეში არ შესრულდა. გამოძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ის უწყებები, რომელთა თანამშრომლების მიმართაც არასათანადო მოპყრობის ჩადენის ეჭვები არსებობდა.

მიუხედავად საკანონმდებლო მოთხოვნისა, გამოძიება დაიწყოს დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გამოძიება 26 შემთხვევაში დაუყოვნებლივ არ დაწყებულა. ზოგ შემთხვევაში გამოძიება არაგონივრული გაჭიანურებით დაიწყო, ხშირ შემთხვევაში თვეების დაგვიანებითაც კი, რაც ცხადია არსებითი ხელისშემშლელი გარემოება შეიძლება გამხდარიყო მტკიცებულებების მოპოვების პროცესში.

შესწავლილი საქმეების უმეტესობაში გამოძიება არ იყო ორიენტირებული ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვებაზე; არც ერთ საქმეში არ ჩატარებულა ამოცნობა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ხშირ შემთხვევაში არ ყოფილა მოპოვებული რელევანტური ვიდეო ჩანაწერები; არც ერთ საქმეში არ ჩატარებულა ფარული საგამოძიებო მოქმედება; არ გამოყენებულა მსხვერპლის დაცვის სპეციალური ღონისძიება. 12 საქმეში არ გატარებულა უსაფრთხოების ღონისძიება და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლი პატიმარი ისევ (სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი) ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ დარჩა. არც ერთი სავარაუდო მოძალადე საჯარო მოხელე არ გადაუყენებიათ თანამდებობიდან; მხოლოდ 1 შემთხვევაში ჩატარდა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები – მსხვერპლის მოთხოვნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)