სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით

2020 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც ე.წ. „ციხის მაყურებლები“ ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.

აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა. კერძოდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა:

  • 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით.
  • 2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ.
  • რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო“.

გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან.

ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა ის, რომ, მაშინ როდესაც პატიმართა დაახლოებით ნახევარი სასჯელს ნახევრად ღია (N14, N15 და N17) დაწესებულებებში იხდის, წლიდან წლამდე მცირდება აღნიშნული დაწესებულებებიდან სახალხო დამცველთან შემოსული მომართვები და განცხადებები. მაგალითად, 2020 წელს პატიმრებისგან შემოსული 1384 განცხადებებიდან, მხოლოდ 57 იყო ზემოაღნიშნული სამი ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით პატიმართა უამრავი პრობლემა სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოდის და არ ხმაურდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი პროაქტიული მუშაობა ნახევრად ღია დაწესებულებებში.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ:

  • საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
  • საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის;
  • საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტსა (SPT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს (CPT), რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.

ამავდროულად, გვსურს მივმართოთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსურ დახმარებას უწევენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - კრიმინალური სუბკულტურის გავლენის მასშტაბის, ამ პროცესში ადმინისტრაციის მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დონორული მხარდაჭერა მოხმარდეს ამ სისტემის არსებით გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას და არა არსებული მანკიერი მართვის მოდელის გაძლიერებას.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)