საერთაშორისო კონფერენცია - პრევენციის ეროვნული მექანიზმების გავლენის შეფასება და გაძლიერება
2019 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმების დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა, რომელზეც პრევენციის ეროვნული მექანიზმების გავლენა შეაფასეს და მისი გაძლიერების საკითხები, განსაკუთრებით, ყველა სახის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამების და არასათანადო მოპყრობის პრევენცია განიხილეს.
გაეროს და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ორგანოების, პრევენციის ეროვნული მექანიზმების, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტებისა და წამების პრევენციის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა წამების პრევენციის კუთხით საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის გავლენის შესახებ საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევა განიხილეს. ასევე, იმსჯელეს საერთაშორისო სახელშეკრულებო ორგანოებისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმების განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე.
ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, სამუშაო მეთოდების გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს და გამოვლენილ პრობლემებზე ეფექტიანად, მდგრადად და ზიანის მიყენების გარეშე რეაგირებაზე შეთანხმდნენ.
„2009 წელს, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქცია შეითავსა, კრიტიკას ვერ უძლებდა პენიტენციურ დაწესებულებათა გადატვირთულობა და იქ არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. განსაკუთრებით საგანგაშო იყო რეპრესიული მეთოდები. დღესდღეობით, პატიმართა მიმართ მოპყრობა მკვეთრად განსხვავებულია, თუმცა საკითხისადმი საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გვავალდებულებს უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი ფაქტი, რომელიც არასათანადო მოპყრობის ეჭვს შეიძლება აჩენდეს.
10 წელი არც თუ ხანგრძლივი, მაგრამ საკმარისი დროა იმისათვის, რომ დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და შევაფასოთ განვლილი პერიოდი; საკუთარ თავს სრულიად ობიექტური თვალით შევხედოთ და დავინახოთ ჩვენი ძლიერი თუ სუსტი მხარეები და თუ საჭიროა, დავფიქრდეთ სტრატეგიის ცვლილებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური და სხვა რესურსების ნაკლებობას გავლენა არ მოუხდენია ზოგადად მექანიზმის დამოუკიდებლობაზე. თუმცა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფოში არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებზე. წამების პრევენციას პირველ რიგში უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიება, ხარისხიანი მართლმსაჯულება და სამართლის უზენაესობა“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა თავის გამოსვლაში.
ნინო ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, ორგანიზაცია ციხის საერთაშორისო რეფორმას, გაეროს განვითარების პროგრამას, ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებულ პროექტებს, ღია საზოგადოება ფონდ საქართველოს და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებს, რომელთაც სასიცოცხლოდ დიდი წვლილი შეაქვთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიზნების განხორციელებაში. ხაზი გუსვა ყოფილი სახალხო დამცველების გიორგი ტუღუშისა და უჩა ნანუაშვილის, ასევე სპეციალური პრევენციული ჯგუფის ყოფილი და ამჟამინდელი ექპერტებისა და აპარატის თანამშრომლების ძალისხმევას.
ღონისძიების გახსნზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ოკუპირებულ ტერიტოროებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და ღია საზოგადოება ფონდ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი.
გამომსვლელებმა ისაუბრეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მნიშვნელობაზე და მის გადამწყვეტ როლზე - გამოააშკარაოს დახურული ინსტიტუციებში არსებულ ხარვეზები. მიმოიხილეს სახალხო დამცველის აპარატთან ერთად განხორციელებული პროექტები; მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმებით აღჭურვის, საკანონმდებლო და სამართლებრივი ბაზის დახვეწის მიმარულებით გაწეული თანამშრომლობა. ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველის საქმიანობის მნიშვნელობას, წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის აღმოფხვრის საქმეში.
კონფერენციის ფარგლებში სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძის მოდერაციით გამართულ პირველ სესიაზე საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ათწლიანი გამოცდილება მიმოიხილეს. ისაუბრეს წამების პრევენციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პროცედურაზე. მიმოიხილეს საერთაშორისო სახელშეკრულებო ორგანოების, საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და პრევენციის ეროვნული მექანიზმების გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები.
მეორე სესიაზე, რომელსაც ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში უძღვებოდა, განიხილეს წამების პრევენციის გლობალური სისტემის შედეგზე ორიენტირების საკითხები, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის თანამშრომლობა პრევენციის ეროვნულ მექანიზმებთან და გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტთან, ერთობლივი ძალისხმევის გამოყენების ახალი გზები.
* * *
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქცია საქართველოს სახალხო დამცველს 2009 წელს მიენიჭა.