სიახლეები

რეგიონული დეპარტამენტის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის შეხვედრა კახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადვოკატებთან

2016 წლის 29 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის ორგანიზებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები კახეთში სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე ადვოკატებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებასა და თავის მხრივ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაზიარებას დამსწრე საზოგადოებისათვის.

შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული საქმეები და ზოგადი მანკიერი პრაქტიკა. ადვოკატებმა ისაუბრეს დაკავებისას პირისთვის მისი უფლებების და ბრალის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პრობლემაზე, ასევე ადვოკატის ხელმისაწვდომობისა და დაკავებულის დაკითხვის პროცედურების დარღვევის შემთხვევებზე.

ივნისის თვეში ანალოგიური შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისშიც გაიმართა და სხვა რეგიონებშიც რეგულარულად გაიმართება.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას – წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)