პრევენციის ეროვნული მექანიზმის (დეპარტამენტის) უფროსი გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წევრად განმეორებით აირჩიეს
2022 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის (დეპარტამენტის) უფროსი ნიკა კვარაცხელია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის წევრად (SPT) 4 წლის ვადით აირჩიეს. საქართველოს კანდიდატი ნიკა კვარაცხელია 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. იგი აქტიურად მონაწილეობს წამების წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ კამპანიებში და ხელს უწყობს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის (OPCAT) შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ფაკულტატური ოქმის მონაწილე სახელმწიფოების მე-9 შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატმა 87 დამსწრედან 75 ხმით გაიმარჯვა. ქვეკომიტეტში 13 ვაკანტურ ადგილზე 17 ქვეყნის კანდიდატი იყო წარდგენილი.
კომიტეტი ახორციელებს დამოუკიდებელ საერთაშორისო რეგულარულ ვიზიტებს ოქმის მონაწილე სახელმწიფოებში არსებულ თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით და ასევე ოქმის იმპლემენტაციის მიზნით ხელს უწყობს პრევენციის ეროვნული მექანიზმების დაარსებასა და ფუნქციონირებას. კომიტეტი მუშაობას შეუდგა 2007 წელს, აერთიანებს 25 დამოუკიდებელ ექსპერტს და წარმოადგენს გაეროს სისტემაში მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელშეკრულებო ორგანოს.