სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

2016 წლის 24 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარუდგინა, რომელშიც დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობაა ასახული.

ღონისძიება გაიმართა წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღესთან და წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დამატებითი ოქმის (OPCAT) ძალაში შესვლის 10 წლისთავთან დაკავშირებით.

გასულ წელს სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 54 ვიზიტი განახორციელა 15 პენიტენციურ დაწესებულებაში; რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა სახლებში 7 ვიზიტი განახორციელა და 200 ბავშვი მოინახულა; მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში 10 ვიზიტი განახორციელა და 69 ბავშვი მოინახულა. ამასთან, ხანდაზმულთა პანსიონატებში განხორციელდა 7 ვიზიტი და მოინახულეს 150 ბენეფიციარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში 18 პირი მოინახულეს. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში დეპორტირებული მიგრანტების დაბრუნების 2 პროცესს დააკვირდა. მონიტორინგი განხორციელდა 31 დროებითი მოთავსების იზოლატორში და 59 პოლიციის სამმართველოში და მოინახულეს 54 დაკავებული. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ვიზიტისას მოინახულეს 25 პატიმარი. სამხედრო ნაწილში მოინახულეს 35 ჯარისკაცი. 12 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განხორციელებული 18 ვიზიტის დროს მოინახულეს 661 პაციენტი. ასევე, პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა გასულ წელს პენიტენციურ დაწესებულებებში განახორციელა პროექტი „საჩივართა/მოთხოვნათა განხილვის მექანიზმისა და შიდა მონტორინგის გაძლიერების ხელშეწყობა“.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული არასათანადო მოპყრობისაგან მიგრანტთა დაცვაზე, დეპორტირებულ პირთა დაბრუნების ოპერაციის მონიტორინგსა და თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

ღონისძიებაზე ხაზი გაუსვეს დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებულ პრობლემებს, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისათვის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომლის შესახებაც საქართველოს სახალხო დამცველი არაერთხელ საუბრობდა თავის რეკომენდაციებში; ასევე, პატიმართა შორის ძალადობისა და კრიმინალური სუბკულტურის არსებობის ფაქტებს; უსაფრთხოებასთან, პერსონალის გადამზადებასთან, არასათანადო ფიზიკურ გარემოსთან, სანიტარულ ჰიგიენურ მდგომარეობასთან, დისციპლინურ სახდელებთან და გარე სამყაროსთან კონტაქტთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა პრეზენტაციაზე უარყოფითად შეაფასა შსს-ს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობის მხრივ სიტუაცია გაუარესებულია, რაც გამოიხატება დაკავების დროს ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში, პროცედურული უფლებების უგულებელყოფაში, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის არასრულფასოვნად წარმოებასა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების არაეფექტიან გამოძიებაში.

აღინიშნა, რომ არასაკმარისი ფინანსური სახსრები, ადამიანური რესურსის ნაკლებობა და პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია უარყოფით გავლენას ახდენს ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებაზე. გარდა ამისა, საგანგაშოა ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო და პაციენტებზე ძალადობის სხვადასხვა ფორმები.

ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა ცალკე გამოყო ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულთა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სოციალურ ღონისძიებებში ჩართვა, რათა არ მოხდეს მათი იზოლაცია საზოგადოებისაგან.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში ასევე დეტალურად აღწერს თუ რა ღონისძიებები გატარდა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის, სამუშაო მეთოდოლოგიის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

24.06.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)