სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების შეხვედრა სამცხე–ჯავახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადვოკატებთან

2016 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამცხე-ჯავახეთს ოფისის წარმომადგენლები და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები სამცხე–ჯავახეთში სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე ადვოკატებს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება. თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობის სფერო გააცნეს.

შეხვედრაზე კონკრეტული საქმეები და ის სირთულეები განიხილეს, რომელსაც ადვოკატები მუშაობისას აწყდებიან. ისაუბრეს დაკავების დროს პირისთვის მისი უფლებების და ბრალის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პრობლემაზე, ასევე ადვოკატის ხელმისაწვდომობისა და დაკავებულის დაკითხვის პროცედურების დარღვევის შემთხვევებზე.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას – წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.

მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონულ ოფისებში. შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)