სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N5

პრევენციის ეროვნული მექანიზმის N5 ბიულეტენი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენს მიერ გაზაფხულის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ.

პირველ რიგში აღსანიშნავია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ; ამავე პერიოდში, ასევე ჩატარდა ხუთამდე ვიზიტი თავისუფლების აღკვეთის/შეზღუდვის ადგილებში და ორჯერ განხორციელდა მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ვიზიტები განახორციელა N5, N11 და N3 პენიტენციურ დაწესებულებებში და შინაგან საქმეთა სამინისტროს N1 იზოლატორში. სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტთან თანამშრომლობით განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების მონიტორინგი.

ბიულეტენი მოიცავს N12 პენიტენციური დაწესებულების მიმოხილვას, „მოთხოვნის/საჩივრის განხილვის მექანიზმი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ სპეციალურ ანგარიშში შესული რეკომენდაციების შესრულების ანალიზს. საკანონმდებლო წინადადებების ნაწილში საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის საპარლმენტო ანგარიშში გაცემულ რეკომენდაციაზე, წამების დეფინიციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით; გაეცნობით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს მიგრანტთა არასათანადო მოპყრობისაგან დაცვასთან მიმართებაში.

ბიულეტენის მთავარ თემას წარმოადგენს ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში.

პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა აღნიშნულ პერიოდში არაერთი აქტივობა განახორციელა ამ კუთხით აღსანიშნავია სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა აგრეთვე გამართა საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომა, სადაც საბჭოს წევრებმა სახალხო დამცველს წარუდგინეს საკუთარი მოსაზრებები პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული აქტივობების, ანგარიშების, სამუშაო მეთოდოლოგიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებისა და საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდათ ტრენინგი ანგარიშის წერის ტექნიკაში; გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატის სხვა თანამშრომლებთან ერთად ჩაუტარდათ ტრენინგი სხეულის დაზიანების დოკუმენტირებასთან დაკავშირებით.

ბიულეტინის წინამდებარე ნომერში ასევე იხილავთ ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“ ხელმძღვანელის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრის ნინო მახაშვილის მოსაზრებებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)