სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებას ითხოვს

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაატარონ ყველა საჭირო ზომა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად.

2014 წლის 21 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე პენიტენციურ დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებაში შშმ პირთა მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით, პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა 2014 წლის 4-12 დეკემბერს ვიზიტები განახორციელა სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“.

ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა, სამწუხაროდ, რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეიმჩნევა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მთელ რიგ რეკომენდაციებთან მიმართებით არცერთი ღონისძიება არ გატარებულა.

პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა დადებითად შეაფასა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ხანგრძლივი მოვლის განყოფილების გახსნა; თუმცა აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავ რჩებიან ფიზიკური და მენტალური შეზღუდვის მქონე პატიმრები, ხოლო თავის მხრივ, მითითებულ განყოფილებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმართა საჭიროებები სრულად დაკმაყოფილებული არ არის.

ასევე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის აზრით, მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შესრულდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტსა და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმაში გაწერილი ღონისძიებები, რათა პენიტენციურ სისტემაში და სხვა დახურულ დაწესებულებებში პაციენტებს მიეწოდოთ ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფსიქიატრიული სერვისები.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)