სიახლეები

მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2016 წლის 27 სექტემბერს მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 39 მოქალაქის დეპორტაციის პროცესს დაესწრნენ.

დეპორტირებული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიის, შვეიცარიისა და საბერძნეთისა სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. დეპორტაციის განხორციელებას კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა.

ბორტზე რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია; მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა რამდენიმე ხარვეზი. კონკრეტულად კი, საქართველოს ესკორტის წევრი ექიმისათვის არ იყო წინასწარ მიწოდებული სრულყოფილი ინფორმაცია ბორტზე არსებული ზოგიერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დიაგნოზის შესახებ, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთ დასაბრუნებელ პირს ფსიქიკური აშლილობის აშკარა ნიშნები აღენიშნებოდა.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიიჩნევს, რომ ექიმი სრულყოფილად უნდა იქნეს ინფორმირებული ბორტზე არსებული პირების ჯამრთელობის მდგომარეობისა და დიაგნოზის შესახებ და მზად იყოს შესაბამისი ჩარევისათვის.

დასაბრუნებელ პირებთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ კვლავაც პრობლემურია დეპორტირებული პირების მობილური ტელეფონების დალუქვისა და მათთვის დეპორტაციამდე რამდენიმე საათით ადრე ოჯახთან სატელეფონო კონტაქტის უზრუნველყოფის საკითხი. აღსანიშნავია, რომ წინა მონიტორინგების მსგავსად, დეპორტირებულებისთვის ტელეფონით სარგებლობის უზრუნველყოფა განხორციელდა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ „ფრონტექსის“ წარმომადგენლებისათვის პრობლემის შეტყობინების შემდგომ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)