კვლევის ანგარიში „პენიტენციურ სისტემაში კოვიდ 19 პანდემიის გავლენა პატიმრების და პერსონალის ჯანმრთელობის და სხვა სახის უფლებრივ მდგომარეობაზე“
2022 წლის 11 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ საერთო კვლევის ანგარიში წარადგინეს - „პენიტენციურ სისტემაში კოვიდ 19 პანდემიის გავლენა პატიმრების და პერსონალის ჯანმრთელობის და სხვა სახის უფლებრივ მდგომარეობაზე“. კვლევაში შეფასებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ჩათვლით პანდემიის პირობებში მიღებული განსაკუთრებული ზომების ზეგავლენა პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზე.
კვლევის თანახმად, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი ზეგავლენა იქონია კოვიდ 19-ის დაავადების პრევენციაზე, ამას აგრეთვე ხელი შეუწყო საკარანტინო სივრცეების გამოყოფამ და საეჭვო პაციენტების იზოლაციის ღონისძიებებმა. არ შეიძლება არ აღინიშნოს დაწესებულებების პერსონალსა და პატიმრებში PCR და ანტიგენის სწრაფი ტესტირების მასობრივი და რეგულარული ჩატარების მნიშვნელობა, რამაც ერთ-ერთი ძირითადი როლი ითამაშა დაავადების ადრეულ გამოვლენაში. სამედიცინო პერსონალთან და პატიმრებთან გასაუბრებამ ცხადყო, რომ ვაქცინაციის პროცესი პენიტენციურ დაწესებულებებში კარგი ტემპით მიმდინარეობდა. ასევე, 2017 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, 2021 წელს შემცირებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც თვლიდნენ, რომ საკვები პროდუქტები არასაკმარისი იყო.
კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ პანდემიის პერიოდში გადაჭარბებულად იქნა გამოყენებული შეზღუდვების პოლიტიკა და შესაბამისი ძალისხმევა არ იქნა გაწეული გადაწყვეტის ალტერნატიული შესაძლო გზების მოძიების მიმართულებით. სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ პატიმრების რაოდენობის შემცირებას მიზნით სათანადო ნაბიჯები არ გადადგმულა. შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო საკითხებს. კვლევამ უჩვენა, რომ შემცირდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რამაც სამედიცინო მომსახურების მიღების გაჭიანურება გამოიწვია. ამბულატორიული მომსახურების გაჭიანურებისა და შემცირების გამო, გაიზარდა პატიმართა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის რაოდენობა, ასევე გაიზარდა სასწრაფო წესით სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის შემთხვევები. ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარების მიწოდების შემცირებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა პატიმართა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რამაც გაზარდა პატიმართა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მკურნალობის საჭიროება.
პანდემია და მიღებული ზომები უარყოფითად აისახა პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტზე. კვლევამ აჩვენა, რომ შეზღუდვების მოქმედების პერიოდში კომპენსაციის სახით დამატებული უფასო სატელეფონო წუთები შეზღუდვების საპირწონედ საკმარისი არ იყო. პატიმრებს შეეზღუდათ ადვოკატთან, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან ურთიერთობა, რის გამოც ვერ იღებდნენ შესაბამის მომსახურებას. პანდემიის პირობებში სარეაბილიტაციო პროგრამები საგრძნობლად შემცირდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მძიმე იყო ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები.