განცხადება სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების მსჯავრდებულთა დ.ა.–სა და ნ.შ.–ს გარდაცვალების შესახებ
სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ორი პატიმარი გარდაიცვალა. 2014 წლის 15 სექტემბერს 1964 წელს დაბადებული დ.ა. სავარაუდოდ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გარდაიცვალა. 17 სექტემბერს, საკანში მარტო მყოფი, მოშიმშილე მსჯავრდებული – 1983 წელს დაბადებული ნ.შ., ექიმმა კისრის მიდამოში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვა.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოარკვიეს, რომ მსჯავრდებულმა დ.ა.–მ 18.05 საათზე დაწესებულების სამედიცინო ნაწილში მორიგე ექიმს გულმკერდის არეში ტკივილის ჩივილით მიმართა. კონსულტაციის შემდგომ ექიმმა დასვა წინასწარი დიაგნოზი: გულმკერდის მიოზიტი. მსჯავრდებულს ჰქონდა მაღალი არტერიული წნევა და მიიღო დიკლაკი და ენოზიდ H. მცირე ხნის შემდგომ მსჯავრდებულმა გონება დაკარგა, რის შემდგომაც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაგრამ მსჯავრდებულის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამედიცინო ჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ მორიგე ექიმმა გამორიცხა კარდიოლოგიური პრობლემის არსებობა და ეჭვი მიიტანა გულმკერდის მიოზიტზე, ანუ გულმკერდის კუნთების დაავადებაზე, რაც წარმოშობს ლოგიკურ კითხვას, თუ რამდენად ჰქონდა მორიგე ექიმს კარდიოლოგის კომპეტენცია და რამდენად შეეძლო მას ევარაუდა, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა კარდიოლოგიური პრობლემა და დროულად გამოეძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. შესაბამისად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია სწრაფად ჩატარდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ყოვლისმომცველი გამოძიება, მათ შორის, განხილულ იქნას ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.
გარდაცვლილი მსჯავრდებულის ნ.შ.–ს შესახებ არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რაზედაც ჩატარებული ჰქონდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მას ჰქონდა მიდრეკილება თვითდაზიანებებისაკენ. აღსანიშნავია, რომ წარსულში ნ.შ.–ს კისრის მიდამოში არაერთხელ ჰქონდა მიყენებული ნაკვეთი დაზიანება.
ნ.შ. რამდენჯერმე მოინახულეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა. საუბრისას გაირკვა, რომ 2014 წლის 5 სექტემბერს მსჯავრდებულმა სამედიცინო მომსახურების გაწევის მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად გადაყლაპა მეტალის ნივთი. 6 სექტემბერს ნ.შ. გადაიყვანეს სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში, თუმცა მალევე დააბრუნეს და უკვე 10 სექტემბერს მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადა, რომ N14 დაწესებულების თანამშრომლებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა მთავარ პროკურატურას მიმართა. 11 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების მთავარ ექიმს. 16 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებული ნ.შ. კვლავ მოინახულა. მსჯავრდებული კვლავ ითხოვდა სამედიცინო მომსახურების მიწოდებას და მისი ცემის ფაქტის გამოძიებას.
მსჯავრდებულმა 16 სექტემბერს გამოაცხადა შიმშილობა. შიმშილობის დაწყების შესახებ სოციალურმა მუშაკმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, თუმცა არ მიუთითა შიმშილობის მიზეზი. მსჯავრდებული მოათავსეს საკანში მარტო, სადაც არ იყო დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა.
დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აშკარად იკვეთება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან, მიუხედავად კანონმდებლობის აშკარა მოთხოვნისა, ვერ გაარკვიეს, რა მიზეზით შიმშილობდა პატიმარი. ამასთან, იცოდნენ რა, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მიდრეკილი იყო თვითდაზიანებისკენ, არ მიიღეს უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ფატალური შედეგი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თვლის, რომ აუცილებელია დ.ა.–ს და ნ.შ.–ს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ. თავის მხრივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დეტალურად უნდა შეისწავლოს სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და მიიღოს ქმედითი ზომები, რათა დაცული იყოს პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამი დღის განმავლობაში სამი პატიმრის გარდაცვალება (16 სექტემბერსN6 დაწესებულებაში მსჯავრდებული ზ.ს. გარდაიცვალა)აშკარად მიუთითებს სასჯელაღსრულების სიტემაში პატიმართა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრობლემაზე. აუცილებელია გადაიხედოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მუშაობის პრაქტიკა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები და სამედიცინო პერსონალი გულისყურით უნდა მოეკიდონ პატიმართა მოთხოვნებსა და საჩივრებს, მოახდინონ რისკ ფაქტორების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. სუიციდის პრევენციის მიზნით კი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოებისა და რეჟიმის თანამშრომლების, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა, ფსიქიატრისა და სხვა სამედიცინო პერსონალის კოორდინირებული მუშაობა.