გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაციათა სპეციალური ანგარიში N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით
სახალხო დამცველის აპარატის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წესის შესაბამისად, ორგანიზაციებმა - ადამიანის უფლებათა ცენტრმა და ციხის საერთაშორისო რეფორმამ, N8 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა პატიმრების უსაფრთხოების დაცვის, გარე სამყაროსთან კონტაქტის, საცხოვრებელი პირობებისა და პირადი ჰიგიენის დაცვის პრობლემები.
ანგარიშში წარმოდგენილია 2020 წლის 4-7 აგვისტოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები. აღნიშნული ვიზიტები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელეს. მონიტორინგის მიზანი იყო პატიმრობის პირობების და მოპყრობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა განსაკუთრებულ, მოწყვლად კატეგორიას მიკუთვნებულ პატიმართა სამ ჯგუფთან მიმართებაში: არასრულწლოვანი ბრალდებულები და მსჯავრდებულები, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქე (ბრალდებული, მსჯავრდებული) პატიმრები.
მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ N8 დაწესებულებაში ფიქსირდება ცალკეული პატიმრების მიერ სხვა პატიმართა ჩაგვრისა და შევიწროების შემთხვევები, რაც, მათი კუთვნილი ნივთების მისაკუთრებაში და თანხის გამოძალვაში გამოიხატება. ასევე, პატიმრების არაფორმალური დასჯის მიზნით ხდება დეესკალაციის ოთახების და სამარტოო (უსაფრთხო) საკნების გამოყენება. დაწესებულებაში პრობლემურია ბრალდებულების და მსჯავრდებულების ერთად განთავსების პრაქტიკა, რაც ხშირად, პატიმართა შორის დაპირისპირების წინაპირობა ხდება. გარდა ამისა, დაწესებულებაში ვიზიტის შედეგად გამოვლინდა საცხოვრებელ პირობებთან და გარე სამყაროსთან კონტაქტის, სუფთა ჰაერზე გასეირნების, ჰიგიენური საშუალებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები.
საქართველოს სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წესის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატით და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს თავისუფლების აღკვეთის ან სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში თემატურ ვიზიტებს. საპროექტო განაცხადების შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს მიერ.