სიახლეები

ევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი

2017 წლის 10 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 56 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრნენ.

დასაბრუნებელი პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიისა და საბერძნეთისა სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა რამდენიმე ხარვეზი. კერძოდ, კვლავ არ ხდება დასაბრუნებელ პირთა ინფორმირება საქართველოში ჩამოფრენის ზუსტი დროის შესახებ. ასევე, პრობლემად რჩება დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კონტაქტის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ წინა მონიტორინგების მსგავსად, აღნიშნული პირების ტელეფონით სარგებლობის უზრუნველყოფა განხორციელდა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ „ფრონტექსის“ წარმომადგენლებისათვის პრობლემის შეტყობინების შემდგომ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)