სიახლეები

დეპორტაციის პროცესის მონიტორინგი

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის განხორციელების პროცესში 2014 წელს დაინერგა სიახლე, კერძოდ მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა მონიტორინგმა რეგულარული სახე მიიღო, რის შედეგადაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2015 წლის 20 ოქტომბერს მეორედ განახორციელეს მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი.

მონიტორინგი განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 35 მოქალაქის დეპორტაციის მონიტორინგს.

გერმანიის, შვეიცარიისა და ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციამ ქართულ მხარეს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ესკორტს) თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფში და სოფიაში) გადასცა გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ბულგარეთიდან დეპორტირებული პირები. დეპორტაციის განხორციელებას კოორდინირებას უწევდა ევროპული ორგანიზაცია „ფრონტექსი (FRONTEX)“.

მოქალაქეების დაბრუნების ოპერაციის პროცესში საქართველო მონაწილეობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩართვით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მონიტორინგის ფარგლებში გაემგზავრნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემდეგი მიმართულებით: თბილისი – დიუსელდორფი – სოფია– თბილისი.

დეპორტირებული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით თვითმფრინავში მეტალის დეტექტორით შეამოწმეს, რის შემდეგაც განათავსეს შესაბამის სამგზავრო ადგილებზე. სამგზავრო ადგილზე მოთავსებული თითოეული პირის გვერდით იჯდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი ან ორი თანამშრომელი.

დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი მიმდინარეობდა უწყვეტად. აღსანიშნავია, რომ დაბრუნების ოპერაციის მიმდინარეობისას დეპორტირებული პირების უფლების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. მგზავრობამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მგზავრობისას პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები ესაუბრნენ დეპორტირებულ პირებს, რომელთა ნაწილი გამოთქვამდა პრეტენზიებს ზოგადად დეპორტაციის პროცესთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აგრძელებს აღნიშნული პრეტენზიების შესწავლასა და მონაცემების გადამოწმებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)