სიახლეები

დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი

2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელა. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 86 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრო.

დასაბრუნებელი პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიისა და საბერძნეთისა სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა. დადებითად უნდა აღინიშნოს მიგრანტებისათვის თვითმფრინავის ბორტზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კვლავ პრობლემად რჩება დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა. წინა მონიტორინგების მსგავსად, აღნიშნული პირების ტელეფონით სარგებლობის უზრუნველყოფა განხორციელდა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ „ფრონტექსის“ წარმომადგენლებისათვის პრობლემის შეტყობინების შემდგომ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)