სპეციალური ანგარიში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ასახავს 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ,,ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების’’ ფარგლებში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების1 მონიტორინგი განხორციელდა ისეთი ფუნდამენტური პრინციპების მეშვეობით, როგორიცაა - სარწმუნო და ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, კონფიდენციალობის დაცვა, სანდოობა, ზიანის არ მიყენება, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, სენსიტიურობა, პროფესიონალიზმი2. ამასთან, მონიტორინგის პროცესში აქტიურად იქნა გამოყენებული გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის 2000 წლის 28 ივნისისა და 2008 წლის 23 ივნისის დოკუმენტები - ,,დასკვნითი შენიშვნები ბავშვის უფლებების შესახებ’’, რომელთა რეკომენდაციების3 იმპლემენტაციისათვის, ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება განხორციელდა სისტემური და სიღრმისეული მონიტორინგის საფუძველზე, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის გათვალისწინებით.