ანგარიშები

სპეციალური ანგარიში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ასახავს 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს. მონიტორინგის ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების იმპლემენტაციის შემოწმება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას, არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საჭირო პრაქტიკული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავების გზით. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმების ძირითად პრინციპებს განეკუთვნებოდა სანდოობა, კონფიდენციალობა, უსაფრთხოება, პროფესიონალიზმი, სიზუსტე, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, სენსიტიურობა, თვალსაჩინოება და პოპულარიზაცია. ამასთან, მონიტორინგის პროცესში აქტიურად იქნა გამოყენებული გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის (CRC) სახელმძღვანელო პრინციპები, სტანდარტები და რეკომენდაციები, კომიტეტის 2000 წლის 28 ივნისისა და 2008 წლის 23 ივნისის დოკუმენტები „დასკვნითი მითითებები ბავშვის უფლებების შესახებ“2, რომელთა იმპლემენტაციისათვის, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება განხორციელდა სისტემური და სიღრმისეული მონიტორინგის საფუძველზე, თანასწორობის, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის, არასრულწლოვანთა მონაწილეობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

მონიტორინგი განხორციელდა მესტიის, ყაზბეგის, ახმეტის, ონის, ამბროლაურის, ხულოს, შუახევისა და ქედას ტერიტორიულ ერთეულებში.

ანგარიშში ასახულია მონიტორინგის შედეგები შემდეგი ძირითადი სფეროების მიმართულებით: სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან დაცვის უფლების განხორციელება, ჯანმრთელობის უფლების ხელმისაწვდომობა და იმპლემენტაციის ხარისხი, არასრულწლოვანთა ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობისაგან დაცვა, განათლების უფლების ხელმისაწვდომობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)