სიახლეები

„Start to Talk“ - კამპანია სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ

2020 წლის 10 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ მონაწილეობა მიიღო „Start to Talk“ კამპანიის გახსნის ღონისძიებაში, რომელიც სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ ხორციელდება.

სახალხო დამცველის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში ბავშვის მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის პრევენციის, გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა მსგავსი კამპანიების მნიშვნელობას - ტაბუს დარღვევის, გამოცდილების და ცოდნის გაზიარების, ასევე, დამოკიდებულებების ცვლილების და სპორტში ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისთვის.

„აღნიშნული ვალდებულება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში უკვე ნაკისრი აქვს. კერძოდ, „ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან დაცვის“ შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს გაატაროს აუცილებელი საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომები, რათა აამაღლოს ცნობიერება ბავშვთა დაცვისა და მათი უფლებების შესახებ იმ პირთა შორის, რომლებსაც რეგულარული კონტაქტი აქვთ ბავშვებთან მათ შორის სპორტის სფეროში“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ და აღნიშნა, რომ კამპანიის პარალელურად მნიშვნელოვანია, ეთიკის და ქცევის კოდექსების შემუშავება და მოქმედი რეგულაციების დახვეწა. ასევე, რისკების შეფასების მექანიზმების დანერგვა და შეტყობინების პროცედურების განვითარება, რათა ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ დაცვისა და დახმარების მაღალი სტანდარტით.

კამპანია Start to Talk-ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროპის საბჭოს ინიციატივითა და დახმარებით ახორციელებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)