სიახლეები

სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია - „ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება კვლევა და მონიტორინგი“

2021 წლის 4 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა სპეციალური ანგარიში „ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება კვლევა და მონიტორინგი.“ ანგარიში მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეების მონიტორინგის მიზნით“, ფარგლებში.

დოკუმენტი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების პირველი ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელიც ეყრდნობა 2018-2019 წლებში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის 119 დადგენილების, სისხლის სამართლის 52 საქმის სრული მასალების, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და სათანადო სპეციალისტების ინტერვიუირების ანალიზის შედეგებს.

სპეციალური ანგარიში წარმოაჩენს ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულებზე როგორც სამართლებრივი რეგულირების კუთხით, ისე პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს. მათ შორის, დანაშაულის გამოვლენის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის სარეაბილიტაციო და მხარდამჭერი ღონისძიებებით უზრუნველყოფის საკითხებს.

ნინო ლომჯარიას სიტყვა - „კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების და მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავების მიუხედავად, კვლავ იკვეთება ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის დანაშაულებზე, როგორც საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების საჭიროება, ასევე პრობლემურია მართლმსაჯულების განხორციელების ყველა ეტაპზე ბავშვზე მორგებული გარემოს და მსხვერპლის რეაბილიტაციასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფა. “

„გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას სახალხო დამცველთან ბავშვთა უფლებების მონიტორინგის მიმართულებით“, განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „წლევანდელი სპეციალური ანგარიში ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება, რაც უკავშირდება ბავშვის უფლებების უხეშ დარღვევებს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამგვარი ძალადობის პრევენციისთვის და თუ ეს მოხდა, ბავშვი იყოს ყურადღების ცენტრში, პროცესი წარმართონ მაღალკვალიფიციურმა პროფესიონალებმა და ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ არ მოხდეს ბავშვის რეტრავმირება მართლმსაჯულების პროცესში და უზრუნველყოფილი იყოს მისი რეაბილიტაცია.

ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

  • საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებისა და სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ, არ შეესაბამება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის, ლანზაროტის კონვენციის, სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტების მოთხოვნებს
  • მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადოდ არ ხდება ბავშვზე მორგებული მიდგომების უზრუნველყოფა და არასრულწლოვნების დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმების აღსრულება
  • ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე სპეციალისტების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის მკვეთრი შეუსაბამობა ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ საჭიროებასთან და მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სერვისების სიმცირე არსებითად აფერხებს ბავშვის ინტერესების სრულფასოვნად დაცვას და მათი საჭიროებების უზრუნველყოფას
  • საგანგაშოა ბრალდებულის დაცვის მხარის/ადვოკატების მიერ სასამართლო სხდომაზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის დაკითხვის მეთოდოლოგია, მიმართვის ფორმები და დასმული კითხვები, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას და წარმოშობს ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის ძალიან დიდ რისკს
  • ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ასევე, საზოგადოებაში არსებული სტიგმა, დისკრიმინაციული და სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რაც ამცირებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შეტყობინების რიცხვს ან ხდება დაგვიანებული მიმართვიანობის საფუძველი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)