სიახლეები

სპეციალური ანგარიშების პრეზენტაცია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

2015 წლის 3 აპრილს სახალხო დამცველმა ორი სპეციალური ანგარიში „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა“ და „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები“ წარმოადგინა. ანგარიშები სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა.

2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, რომ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში პრობლემურ ხასიათს ატარებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროგრამები/ქვეპროგრამების ეფექტიანი იმპლემენტაცია, უკიდურეს და ფარდობით სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთათვის სათანადო საცხოვრებელი და სასწავლო–სააღმზრდელო რესურსით უზრუნველყოფა, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის უფლებისათვის საჭირო რეფერირების პროცედურის განხორციელება, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, ჯანმრთელობის უფლების ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი ზოგადი განათლების იმპლემენტაცია. დღემდე პრობლემურია შეზღუდული შესაძლებლობების/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის საკითხი და ინკლუზიური განათლების დანერგვის ხარისხი, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ქვეპროგრამების ნაკლებ ეფექტური განხორციელება.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებმა გვიჩვენა, რომ საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ ადგილი აქვს ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებს, შედარებით დაბალია ფიზიკური ძალადობის ფაქტები. ამასთან, საბავშვო ბაგა–ბაღების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს არასათანადო ინფრასტრუქტურული და სანიტარულ–ჰიგიენური გარემოს პირობებში. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ასევე გამოიკვეთა ადრეული და სკოლამდელი განათლების უფლების პრაქტიკაში დანერგვის პრობლემები, აღმზრდელ–პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ნაწილში არასათანადოდ ხორციელდება კვების ორგანიზაციული წესების დაცვის სტანდარტი. ასევე, მონიტორინგის პროცესში არატოლერანტული და დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოიკვეთა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელთა მიმართ. მონიტორინგი განხორციელდა მესტიაში, ბათუმში, ხულოში, შუახევში, ქედაში, ახმეტაში, ონში, ამბროლაურში, ყაზბეგში, ქუთაისში, წყალტუბოში, თერჯოლაში, სამტრედიაში, თელავში, სიღნაღში, მცხეთაში რუსთავსა და მარნეულში.

ღონისძიების გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები მიმოიხილა. ისაუბრა სახელმწიფო პროგრამების იმპლემენტაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დაბალ დონეზე, პედაგოგთა არასაკმარის კვალიფიკაციაზე, ძალადობის ფორმებზე სკოლამდელ დაწესებულებებში. ცალკე გამოყო შშმ ბავშვებისადმი არატოლერანტული გარემოსა და ინკლუზიური განთლების პრობლემები.

„საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევების საფუძველზე შევისწავლეთ 230 ინდივიდუალური საქმე. მოვამზადეთ 9 რეკომენდაცია და წინადადება. შემოწმების შედეგები აისახა საქართველოს სახალხო დამცველის როგორც სპეციალურ, ისე საპარლამენტო ანგარიშებში“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლმა საქართველოში საშა გრაუმანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლად ფენას წარმოადგენს და ამ ფონზე სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. აქვე დასძინა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. იუნისეფის წარმომადგენელმა ისაუბრა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და სხვა საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც ხელისუფლების მხრიდან დიდ ყურადღებას საჭიროებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ასევე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა.


იხილეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია

იხილეთსკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებისშესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია

იხილეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშისსრული ელექტრონული ვერსია

იხილეთსკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებისშესახებ სპეციალური ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)