სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის პანსიონის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება და ყურადღებით ადევნებს თვალს სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის პანსიონის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს, რომელიც სახალხო დამცველის 2021 წლის რეკომენდაციის და განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ დაიწყო.
პანსიონს სახელმწიფო ზრუნვის განხორციელების ლიცენზია 2022 წლის პირველი აპრილიდან შეუწყდა და ამჟამად მისი საგანმანათლებლო დაწესებულებად რეორგანიზაცია, კერძოდ კი, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ზრუნვის ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს.
პანსიონის კომლექსური მონიტორინგი სახალხო დამცველის აპარატმა 2021 წლის 15 ივნისსაც განახორციელა და სპეციალური ანგარიშიც მოამზადა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დიდი ზომის დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობა და სააღმზრდელო პირობები არსებითად ეწინააღმდეგება ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ვალდებულებას.
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მონიტორინგის, სახელმწიფო უწყებათა კოორდინირებული მოქმედებისა და აღნიშნულ პროცესში ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის შეფასების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2022 წლის 21 ივლისს, ხელმეორედ ეწვივნენ ა(ა)იპ სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონს.
2021 წელს პანსიონში 122 აღსაზრდელი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ 23 ბავშვია დარჩენილი, რომელთა ნაწილსაც უახლოეს მომავალში ზრუნვის ოჯახთან მიახლოებულ ფორმაში გადაიყვანენ, ხოლო რამდენიმე არასრულწლოვანისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისა და აზრის გათვალისწინებით, მზრუნველის დანიშვნაა დაგეგმილი.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, დროულად და კოორდინირებული მიდგომით განახორციელონ ყველა ქმედითი ღონისძიება, ამჟამად დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების ზრუნვის ფორმის შეცვლისა და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით.
სახალხო დამცველის 2021 წლის 16 აგვისტოს სპეციალური ანგარიში ა(ა)იპ სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონის მონიტორინგის შედეგების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Bfb1Xv
© ფოტო "ბათუმელები"