შეხვედრა ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის აკრძალვის საკითხებზე
2016 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ სტოკჰოლმში შვედეთის ინსტიტუტისა და „გადავარჩინოთ ბავშვების“ (Save the Children) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის აკრძალვის საკითხებზე.
შეხვედრაზე მსოფლიოს 7 ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, აგრეთვე ომბუდსმენის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ბავშვის ფიზიკური დასჯის სამართლებრივ ასპექტებზე და კანონის აღსრულებაზე, ასევე, ბავშვისთვის აუცილებელი არაძალადობრივი გარემოს შექმნის საკითხებზე. შვედეთში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ამ სფეროს ექსპერტების შეხვედრა, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ქსელის შექმნის ხელშეწყობა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა ბავშვის ფიზიკური დასჯის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე.
ვიზიტის მონაწილეები შეხვდნენ შვედეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შვედეთის ბავშვთა ომბუდსმენის წარმომადგენლებს.
დღეისათვის მსოფლიოს 51 ქვეყანაში ბავშვის ფიზიკური დასჯა საკანონმდებლო დონეზეა აკრძალული. მისასალმებელია, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება ბავშვის ფიზიკური დასჯის აკრძალვის შესახებ.