სიახლეები

შეხვედრა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებზე

2023 წლის 1 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ქეთევან სოხაძე, მარიამ თავდგირიძე და მერაბ დობორჯგინიძე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებზე მერი ლორელს და გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენლებს ურსულა თოთსა და მაიკლ ფენიქსს შეხვდნენ.

შეხვედრაზე უფლებადამცველთა წინაშე არსებული ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის უფლებადამცველთა განსაკუთრებულ როლს, მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ჩარჩო-კანონმდებლობა და უფლებადამცველთა საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტები.

ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის განხილვისას ხაზი გაუსვეს ბავშვთა უფლებების განუხრელი დაცვისა და რეალიზების მნიშვნელობას. სპეციალურმა მომხსენებელმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა შეკრების, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხებისა და ჟურნალისტთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართ. განიხილეს ასევე, ლგბტ+ თემის უფლებები, მათ შორის გამოხატვის უფლების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და ლგბტ+ თემის უფლებებზე მომუშავე უფლებადამცველთა უსაფრთხოების საკითხები.

შეხვედრაზე ისაუბრეს მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მხრიდან უფლებადამცველთა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის, საქმიანობის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში მათ პოზიტიურ როლზე ხაზგასმის აუცილებლობაზე.

სახალხო დამცველი განაგრძობს უფლებადამცველთა წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლას, გასცემს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომლებიც საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში აისახება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)