სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა გორის მერს სოფლების ქვახვრელისა და სკრის საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
2018 წლის 16 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერს გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - სკრისა და ქვახვრელის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით.
2017 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელისა და სოფელ სკრის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობა შეამოწმეს. გამოვლენილ საჭიროებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა ბენეფიციარებისათვის მიწოდებული სერვისის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ეფექტიანობა გამოიკვლია.
მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ააიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ქვახვრელისა და სკრის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განთლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და ძირითად სტანდარტებს. მნიშვნელოვან მოწესრიგებას საჭიროებს ფიზიკურ–ინფრასტრუქტურული გარემო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები; საბავშვო ბაღებს რეგულარულად არ მიეწოდება განახლებული სასწავლო–სააღმზრდელო ინვენტარი და თვალსაჩინოებები სკოლამდელი განათლების პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის. სოფელ ქვახვრელის საბავშვო ბაგა-ბაღის ძირითადი შენობა ავარიულია, რის გამოც ბაღი საცხოვრებელ სახლში ნაქირავებ ფართშია განთავსებული. შესაბამისად, ამ ეტაპზე დაწესებულებაში არ არის უზრუნველყოფილი სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები.
აღმზრდელ-პედაგოგების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ პედაგოგთა უმრავლესობას რეგულარულად არ უტარდება სასწავლო კურსები, ტრენინგები ადრეული და სკოლამდელი განათლების, რთული ქცევის მართვა-პრევენციისა და ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე.
საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის მერს, დროულად განხორციელდეს სათანადო ღონისძიებები სოფელ სკრისა და სოფელ ქვახვრელის ბაღებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ბავშვთა უსაფრთხოების დასაცავად; მათ შორის, გონივრულ ვადებში მოწესრიგდეს აღნიშნული დაწესებულებების ფიზიკური გარემო, განხორციელდეს მისი რეაბილიტაცია და ადაპტირება ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელი შეეწყოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში - დაიგეგმოს და ჩატარდეს სასწავლო კურსები და ტრენინგები აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ადრეული და სკოლამდელი განათლების, რთული ქცევის მართვისა და ძალადობის აღმოფხვრის საკითხებში.