სიახლეები

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეისწავლოს, რამდენად მართლზომიერი და მიზანშეწონილია მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ, მოსწავლის კონსულტირებისას პერსონალური მონაცემების დამუშავება (პროცესის აუდიო–ვიდეო გადაღება, შენახვა და შემდგომი გამოყენება).

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევს 6–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს, აღნიშნული მომსახურების განხორციელებას ვიდეო–კამერით აღჭურვილ ოთახში გეგმავს, რაც არასრულწლოვანთან ფსიქოლოგის შეხვედრების ვიდეო ფირზე გადაღების, შენახვისა და მიღებული ინფორმაციის შემდგომი დამუშავების საფუძველი გახდება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლეებთან განსახორციელებელი სამუშაო პროცესის აუდიო–ვიდეო ჩაწერა წარმოადგენს არასრულწლოვანის პირადი სივრცით დაცულ სფეროში არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ჩარევას, რაც ქმნის სახელმწიფოს მიმართ მოქმედი ნეგატიური ვალდებულების დარღვევის საფრთხეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)