სიახლეები

სახალხო დამცველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს საბავშვო ბაგა–ბაღების კეთილმოწყობის მიზნით დროული და კომპლექსური ღონისძიებების გატარების რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფლების – ქისტაურისა და ზემო ხოდაშენის, ასევე ახმეტის N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. კერძოდ:

  • ხშირად, ბავშვების საძინებლები განლაგებულია ნესტიან და ავარიულ ოთახებში, სადაც არ არის საკმარისი საწოლები, რის გამოც აღსაზრდელებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე და სკამებზე აძინებენ;
  • ბაღებში მოსაწესრიგებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; ბავშვებსა და თანამშრომლებს საერთო საპირფარეშოები აქვთ; ცხელი წყალი მხოლოდ ზამთარში მიეწოდებათ, ძირითადად კი, აღსაზრდელებს ცივი წყლით უხდებათ ხელის დაბანა;
  • ერთ-ერთ ბაღში ადმინისტრაციამ რამდენჯერმე დააფიქსირა მღრღნელები, ქვეწარმავლები და მწერები. ზოგადად, ეზოების კეთილმოწყობის პრობლემა ყველა ბაღში დგას;
  • ბავშვებისთვის არ არის მისაწვდომი საკმარისი რაოდენობისა და უსაფრთხო სასწავლო მასალა, ახალი სათამაშოები და თვალსაჩინოებები;
  • საბავშვო ბაღებში ძირითადად კადრების სიმცირის პრობლემაა და საჭიროებს აღმზრდელებისა და ძიძების შტატების დამატებას;
  • არასაკმარისია ბავშვების სააღმზრდელო ჯგუფები და რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ ჯგუფში ირიცხებიან, რაც აბრკოლებს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღებას.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია, გადაუდებლად განხორციელდეს საბავშვო ბაგა-ბაღების ფიზიკური გარემოს კეთილმოწყობა და მოწესრიგება, სათანადო ინვენტარით აღჭურვა და ადაპტირება ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

ახმეტის მე-5 ბაღი (2)


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)