სახალხო დამცველის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭო
2014 წლის 18 დეკემბრიდან სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან არსებულმა მრჩეველთა ახალგაზრდულმა საბჭომ მუშაობა ახალი შემადგენლობით განაახლა. ცენტრში ჩატარებული არჩევნების შედეგად საბჭოს 10 ახალი წევრი შეემატა.
თბილისის, რუსთავისა და ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 13–დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები საბჭოში საჯარო კონკურსის წესით შეირჩნენ. კონკურსის წესები და პირობები მოამზადეს საბჭოს წევრებმა გიორგი თორდუამ, ქეთი ბერიძემ და მათე ბუბაშვილმა, უფროსი მრჩევლების მარიამ ჩარგეიშვილის და ნინო გიორგაძის აქტიური მონაწილეობით.
კონკურსის პირველი ტურის მოთხოვნა გულისხმობდა ბავშვის უფლებების საკითხებზე ესეს მომზადებას. მეორე ტურში მოსწავლეებს საბჭოს წევრები და ცენტრის თანამშრომლები გაესაუბრენ. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დამოუკიდებლად მიიღეს.
ამ დროისთვის მრჩეველთა საბჭოში სამი თემატური ჯგუფია. მოზარდები მუშაობენ კანონთან კონფლიქტში მყოფი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, ასევე, ბავშვის მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის პრობლემურ თემებზე, აგრძელებენ შეხვედრებს საჯარო სკოლების თანატოლებთან და აღნიშნულ საკითხებზე მართავებ დისკუსიებს.
საბჭო გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს განსხვავებული ასაკის მოსწავლეებთან სამუშაოდ, გასვლით ვიზიტებს რეგიონებში და საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას.
საბჭოს საქმიანობა გულისხმობს ბავშვების აქტიურ ჩართვას სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაში ბავშვის უფლებების მიმართულებით; ბავშვები გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას – ბავშვთა კეთილდღეობის, განათლების, ჯანმრთელობის და კონვენციით გათვალისწინებული სხვა უფლებების განხორციელებისთვის დაგეგმილ გზებს, თავის წვლილს შეიტანენ თანატოლებში ბავშვის უფლებების კონვენციის პრინციპების დანერგვის საქმეში.