სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცირეწლოვან ბავშვთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში მცირეწლოვან ბავშვთა მიმართ განხორციელებული ფიზიკურ ძალადობის შემთხვევას, რომლის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი.

დაზარალებულ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად და დროული და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა, რომლის ფარგლებშიც იგეგმება შესაბამისი მიმართვების განხორციელება პასუხისმგებელი სახელმწიფო/ადგილობრივი თავითმმართველობის ორგანოების მიმართ.

გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მე–19 მუხლის თანახმად, კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სოციალურ ზომას იღებენ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, „რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი პირის მხრიდან ნებისმიერი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან“. ამასთან, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა (CRC) 2008 წლის 23 ივნისის „ბავშვის უფლებების შესახებ დასკვნითი შენიშვნების“ პარაგრაფებში მიუთითა საქართველოს ვალდებულებაზე, მიიღოს ყველა ზომა არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. სამწუხაროდ, აღნიშნული ვალდებულების ეფექტიანად შესრულება დღემდე ვერ ხორციელდება და საქართველოში კვლავ არაერთი ბავშვია ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს ძალადობის მსხვერპლი 3 მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, უსაფრთხო და სათანადო სააღმზრდელო პირობებით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ მზრუნველობაში განთავსება და შემდგომი ზედამხედველობა.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გონივრულ ვადაში წარმართოს გამოძიება და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ამავდროულად, გამოძიების ყოველ ეტაპზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ძალადობის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მიმართ ფიზიკური ძალადობის აღმოფხვრისთვის შეიმუშავოს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მცირეწლოვანთა, როგორც მომეტებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა უფლებების განუხრელ დაცვას.

საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება მცირეწლოვან ბავშვთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, ისევე როგორც მისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული საქმის შესწავლის შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)