სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. სახალხო დამცველი ულოცავს ამ დღეს საქართველოში მცხოვრებ ყველა არასრულწლოვანს და უსურვებს მათ ღირსეულ, მათი განვითარებისთვის ადექვატურ, ძალადობის, სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებას.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1925 წელს, „ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ“ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ჩაეყარა, ხოლო 1950 წლიდანეს დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციითა და გაეროს წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად, ბავშვთა ღირსების, მათი თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება და დაცვა ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საფუძველია.

სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ გვიჩვენა, რომ ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ არასათანადოდ ხორციელდება.

ჩვენს ქვეყანაში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არასაკმარისი რეაგირება, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მატება, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა უფლებების დაცვა, რეგიონებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობა, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ბავშვთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა საჭიროებების უზრუნველყოფა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის, მათი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების სისტემური და მასშტაბური განხორციელება.

სახალხო დამცველის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის „კომუნიკაციის პროცედურების შესახებ“ ხელმოწერისა და რატიფიკაციის პროცესი დღემდე არ დასრულებულა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოქმი საერთაშორისო სამართლებრივი გზით არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ეფექტიან საპროცესო მექანიზმს წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, განუხრელად შეასრულონ საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები და თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უპირატესი ყურადღება მიმართონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისკენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)