სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან არსებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მესამე შეხვედრა
2018 წლის 2 მარტს გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან არსებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მესამე სხდომა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 2017-2018 წლებში ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით გამოვლენილი პრობემები, გამოწვევები და აქტუალური მიმართულებები.
საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებებზე, გაცემულ რეკომენდაციებსა და ძირითად შედეგებზე ისაუბრა. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა: ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების უფლებაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და მსხვერპლთა რეაბილიტაციის პრობლემებზე, ბავშვთა შრომაზე, სოციალური დაცვისა და სახელმწიფო მზრუნველობის სისტემის ხარვეზებზე.
საბჭოს სხდომაზე მოწვეულ წევრებს ბავშვის უფლებების ცენტრის 2018-2020 წლების სტრატეგიის პროექტი და პრიორიტეტული მიმართულებები წარუდგინეს.
საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები და მოსაზრებები როგორც საპარლამენტო ანგარიშში გამოყოფილ საყურადღებო თემებზე, ისე ბავშვთა დაცვის სისტემის სხვა აქტუალურ მიმართულებებზე; მათ შორის სოციალური სამსახურის საჭიროებებისა და ფსიქოლოგის სამსახურის გაძლიერების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემებზე და სხვა საკითხებზე.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის ნოემბერში დაარსდა. საკონსულტაციო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების მონიტორინგის ხელშეწყობა.