სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატში ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის პროექტი განხორციელდა

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრი 2016 წლის მარტიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ახორციელებს ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის (ENOC) ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის (ENYA) ფარგლებში ორგანიზებულ პროექტს, რომელიც ეხება ყველა ბავშვისთვის განათლების უფლების თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხს. ეს ევროპელ ომბუდსმენთა ქსელის უკვე მეორე პროექტია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ბავშვები საქართველოდან.

ამჯერად, პროექტში მონაწილეობა მიიღო თერთმეტმა არასრულწლოვანმა. განხორციელდა თემატური შეხვედრები ბავშვის განათლების უფლების საკითხებზე. მათ შორის, მიმდინარე წლის 2 ივნისს პროექტის მონაწილე არასრულწლოვნები შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრაზე ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა გამოეხატათ და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი შეხედულებები და აზრები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლების უფლების ხელმისაწვდომობის პრობლემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, ადრეული ქორწინების შემთხვევები, ბავშვთა სიღარიბე როგორც განათლების უფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელი გარემოება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული გარემო.

პროექტის ფარგლებში, შოტლანდიიდან ჩამოსულმა გადამღებმა ჯგუფმა პროექტში მონაწილე არასრულწლოვნებთან ერთად გადაიღო ვიდეო–ფილმი ბავშვის განათლების უფლების საკითხებზე. გადაღებები განხორციელდა მთაწმინდის პარკში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ და კასპის რაიონში მდებარე არტ ვილა „გარიყულაში“.

საქართველოში გადაღებული ფილმი გაერთიანდება სხვა ქვეყნების ვიდეო მასალასთან. საბოლოო ფილმის ჩვენება მოეწყობა ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის გენერალურ ასამბლეაზე. ფილმი გავრცელდება როგორც საქართველოს ომბუდსმენის, ასევე, ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ინტერნეტ გვერდების საშუალებით.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბავშვის აზრი მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აუცილებელია წახალისდეს არასრულწლოვნების მონაწილეობა, ბავშვის უფლებათა კონვენციის ერთ–ერთი ძირითადი პრინციპის შესაბამისად, მიეცეთ მათ საკუთარი შეხედულების გამოთქმის თავისუფლება.

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე ყველა პროფესიონალს, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს ბავშვის მონაწილეობით დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები თუ საგანმანათლებლო აქტივობები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)