სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის ტრენინგები ბავშვის უფლებებზე

სახალხო დამცველმა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ბავშვის უფლებების საკითხებზე ტრენინგები დაიწყო. პირველ ეტაპზე ტრენინგები აღმოსავლეთ საქართველოს 30 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ჩატარდება.

სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შემოწმებამ ცხადყო, რომ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებმა თითქმის არაფერი იციან ბავშვის უფლებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში დაიწყო რეგულარული გეგმური ტრენინგები არაფორმალური სამოქალაქო განათლების საფუძვლებსა და ბავშვის უფლებების სფეროში.

სკოლის მოსწავლეთათვის ტრენინგი ეფუძნება ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ მოდულს „კომპასიტო“, რომელიც ბავშვებს მათი შემეცნებითი შესაძლებლობების შესატყვისი მეთოდით აცნობს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. გარდა ამისა, მოდული შეიცავს გონებრივ და ფიზიკურ სავარჯიშოებსა და სახალისო ამოცანებს, რაც ხელს უწყობს ბავშვების ჩართულობას ტრენინგის მიმდინარეობაში.

ბავშვების ტრენინგებით დაინტერესება და ჩართულობა ძალიან მაღალია.

სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ ტრენინგები ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების სფეროში ბავშვების ინფორმირებულობის დონის გაზრდას და დაეხმარება მათ თავიანთი უფლებების ცხოვრებაში რეალიზებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)