სიახლეები

სახალხო დამცველის ანგარიში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვასთან დაკავშირებით

2015 წლის 3 ივლისს სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში მიმოიხილა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ბავშვის უფლებების თავი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა, ჯანდაცვის უფლების განხორციელება, ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვთა, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელთა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების პროცენტული მაჩვენებელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. იმ დაწესებულებებში, რომელთა მონიტორინგიც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა განახორციელა, აღსაზრდელთა 70%–ის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, 40%–ის მიმართ კი – ფიზიკური.

კვლავ მაღალია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2014 წელს 5 წლამდე ასაკის 635 ბავშვი გარდაიცვალა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველ 1000 ცოცხლად შობილზე არის 9,7, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა (2012 – 13.9, 2013 – 13.5) და კავკასიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა, მიუხედავად აშკარა პროგრესისა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში არასრულწლოვანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოს მონაცემების ფონზე კვლავ მაღალი რჩება.

შემაშფოთებელია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა მდგომარეობა. მიუხედავად მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის სახელმწიფო ქვეპროგრამის არსებობისა, კვლავ საგანგაშო რჩება მათი, როგორც სოციალური ასევე ჯანდაცვის და განათლების კუთხით არსებული ვითარება. ხშირია ასევე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროსტიტუციაში ჩართვა.

ბავშვთა უფლებების ცენტრისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგის შესახებ მომზადებული სპეციალური ანგარიში განიხილავს ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისობას ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტებთან. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ სფეროში გამოკვეთილი პრობლემები უკავშირდება აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლების, მომსახურების ინკლუზიურობის, ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომისა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების, ბავშვის მიმართ ძალადობის და ბენეფიციართა ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული მომსახურების საკითხებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდისა და „ღია საზოგადოება – საქართველოს“, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მოწვეულმა ექსპერტებმა.

3.07.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)