სიახლეები

სახალხო დამცველი ბავშვის მიმართ სავარაუდო უგულებელყოფის ფაქტს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო მასალას, რომელიც ბავშვის მიმართ სავარაუდო უგულებელყოფის ფაქტს ასახავს.

2018 წლის 18 აპრილს სახალხო დამცველი პირადად შეხვდა ბავშვს, მის მშობელს და მკურნალ ექიმს, ასევე მყისიერი კომუნიკაცია შედგა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. მიუხედავად მშობლის თანხმობისა, სახალხო დამცველი თავს იკავებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა, აღნიშნავს, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მათ შორის ოჯახთან ურთიერთობის თვალსაზრისით ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვანი ჩართულია განათლების მიღების პროცესში და მისი ძირითადი სამედიცინო და სოციალური საჭიროებები უზრუნველყოფილია.

აღსანიშნავია, რომ ფრაგმენტული ჩანაწერის და ფოტო სურათების გავრცელებამ, რომელიც იძლეოდა ბავშვის იდენტიფიცირების საშუალებას, თუმცა არ მოიცავდა დაზუსტებულ ინფორმაციას, უარყოფითი გავლენა იქონია ბავშვის და მისი ოჯახის ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, მსგავსი ინფორმაციის გავრცელების დროს უზრუნველყონ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დაცვა, მიმართონ შესაბამის უწყებებს, მათ შორის სახალხო დამცველს. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერია: 1481

ამასთან, სახალხო დამცველმა ვიდეო მასალის გავრცელებისთანავე დაიწყო საქმის შესწავლა, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის გადამოწმების მიზნით მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს სათანადო რეკომენდაციას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)