საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას,დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სპეციალური ანგარიში წარუდგინა „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ.
„ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის ნაწილს წარმოადგენს და ქვეყანაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ძირითად გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს ასახავს.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემური მდგომარეობა გამოიკვეთა ბავშვთა შრომის, „შრომის უკიდურესი ფორმები პრევენციისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის განხორციელების, ბავშვთა ტრეფიკინგის, პროსტიტუციაში ჩაბმის, პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო დამზადებასა და გასაღების საქმეებზე დაწყებული გამოძიებისა და სამართალდამცავთა განხორციელებული ღონისძიებების ნაკლებეფექტიანობისა და არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის მიმართულებით. კვლავ ხშირის შრომის გამო სკოლის მიტოვების შემთხვევები. მხოლოდ 2016 წელს საბაზო განათლების დასრულებამდე 241–მა ბავშვმა შეწყვიტა განათლების მიღება, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ – 924–მა.
უკიდურესად შემაშფოთებელია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა; სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების ნაკლებად ეფექტიანია, განსაკუთრებით განათლების უფლების განხორციელების, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით.
გასული წლების მსგავსად, კვლავ მაღალია 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2016 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად, გარდაიცვალა 0–დან 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი, ხოლო 1–დან 5 წლამდე ასაკის – 93 მცირეწლოვანი. ასევე, უკიდურესად შემაშფოთებელია ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში ჯანდაცვის, წყლის, კვების ორგანიზაციული წესების, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხები. ამ სფეროში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს.
არასათანადო მდგომარეობა ფიქსირდებაბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის, ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, რეაბილიტაციისა და დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების კუთხით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ბულინგის შემთხვევები. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობა, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 11 ფსიქოლოგია დასაქმებული.
პრობლემად რჩება სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან დაცვის უფლების იმპლემენტაცია, ფარდობითი სიღარიბის პირობებში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახთა დროული ჩართვა მხარდამჭერ სოციალურ სერვისებში. აღსანიშნავია „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხარვეზები. კერძოდ, ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რიცხვი მკვეთრად ჩამორჩება საარსებო შემწეობის მიმღებთა და დანამატის მიმღებ ოჯახთა რაოდენობას. ამასთან, გადაწყვეტილების მიმღები კომისიის მიერ ჭიანურდება აღნიშნულ ქვეპროგრამაში ოჯახთა ჩართვის პროცესი.
მოუგვარებელია რელიგიურ სკოლა–პანსიონებსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებულ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხი; განსაკუთრებით, რელიგიური სკოლა–პანსიონების დეინსტიტუციონალიზაცია, მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაცია.
საანგარიშო პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით არსებული მდგომარეობა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, არასრულწლოვანთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლის მიზნით, გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მოპოვებულ რვა სისხლის სამართლის საქმეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, დაკავების პროცედურების, საგამოძიებო მოქმედების ოქმების სრულყოფილად შედგენის, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის დროულად მომზადების პრობლემები და სხვა მიმართულებების კუთხით.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია