საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია მცირე საოჯახო ტიპის სახლში არსებული მდგომარეობის შესახებ
2017 წლის 28 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა(ა)იპ „ჩერნოვეცკის ფონდის“ თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
რეკომენდაციის მომზადებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ დამოკიდებულება აღმზრდელებსა და არასრულწლოვნებს შორის არის პოზიტიური. სახლში არსებული გარემო ზოგადად დამაკმაყოფილებელია, თუმცა გარკვეული მიმართულებით გამოიკვეთა პრობლემებიც.
მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასრულწლოვან აღსაზრდელთა აზრის გათვალისწინებისა და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის კუთხით არსებული პრობლემები. ასევე, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის არარსებობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სახლში არსებულ 24 საათიან აუდიო–ვიდეო მეთვალყურეობაზე, რაც უარყოფითად აისახება ბავშვებისა და აღმზრდელების ემოციურ მდგომარეობაზე და არღვევს ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის პრინციპს. საყურადღებოა, ასევე, აღსაზრდელების მიერ უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებით სარგებლობაც. სახლში განთავსებული „ანონიმური ყუთი“ მოქცეულია მუდმივი ვიდეო კონტროლის ქვეშ და არ ქმნის ანონიმურობის დაცვის საფუძველს.
ზრუნვის პროცესზე მუდმივი აუდიო–ვიდეო მეთვალყურეობა და სახლში არსებული მკაცრი დღის რეჟიმი აღსაზრდელებსა და აღმზრდელებზე გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ძალადობის ხასიათს ატარებს და სახლში სტრესულ გარემოს ქმნის.
სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპასუხო კორესპონდენციიდან[1] ირკვევა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინება დაევალა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე–ჩუღურეთის სერვის ცენტრს. აღნიშნული პროცესის განვითარება და საბოლოო შედეგები შესწავლილი იქნება სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები არასრულწლოვნები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ მათ საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული, ბავშვთა უფლებების პატივისცემასა და მათ მონაწილეობაზე დაფუძნებული მომსახურებით, რაშიც განსაკუთრებული როლი სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს ეკისრება.