სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლების შესახებ

2017 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლებისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი არასაკმარისადაა გათვალისწინებული და იზღუდება ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლება, ასევე სათანადოდ არ ხორციელდება არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევების გამოვლენა.

პრობლემები იკვეთება სასამართლოსადმი მიმართვამდე, დავის სასამართლოში მიმდინარეობისა და გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპებზე. პრობლემას წარმოადგენს საჭიროების შემთხვევაში არასრულწლოვანთათვის სათანადო ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება. გამოიკვეთა სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლების აუცილებლობა, მათ მიერ შემთხვევების სათანადოდ მართვის მიზნით. ასევე, არასაკმარისად ხდება არასრულწლოვანთა აზრის მოსმენა და გათვალისწინება.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის პროცესში დეტალურად შეისწავლოს ბავშვის უფლებრივი მდგომარეობა ორივე მშობელთან მიმართებაში უზრუნველყოს არასრულწლოვანის აზრის გათვალისწინება და მისი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, სათანადო ყურადღება მიაქციოს ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ბავშვებთან მომუშავე სხვა სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას და ადამიანური რესურსის გაზრდას.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)