სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო წყლის ხელმისაწვდომობის პრობლემასთან დაკავშირებით

2017 წლის 14 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ.

საქართველოში ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში, თემსა თუ რეგიონებში უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თავს იჩენს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში.

სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015-2016 წლებში გამოკვლეული იქნა სასმელი წყლის 129 სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (საჯარო სკოლები) აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.

განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ქვეყანაში ცენტრალურ დონეზე არ იქნა განსაზღვრული მონიტორინგის სახელმწიფო ორგანო, რომლის პირდაპირ და ძირითად ვალდებულებასაც ბავშვთა სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასმელი წყლის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხების საყოველთაო და რეგულარული კონტროლი უნდა წარმოადგენდეს.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, უნდა განისაზღვროს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე ზედამხედველობის მექანიზმი; ასევე აუცილებელია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის შედგეს აქტიური კოორდინაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის, ასევე, ამ კუთხით დაავადებათა პრევენციის საკითხებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)