სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნით შენიშვნებს ეხმაურება

2017 წლის 25 იანვარს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა, 74–ე სესიაზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის მე–4 პერიოდული მოხსენება განიხილა. 2017 წლის 3 თებერვალს კი კომიტეტმა საქართველოს მთავრობისადმი დასკვნითი შენიშვნები მიიღო.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება და სრულად იზიარებს კომიტეტის უმნიშვნელოვანეს მიგნებებს. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციები თანხვედრაშია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის შედეგებთან და ეხმიანება იმ გამოწვევებს, რაც საქართველოს წინაშე დგას.

დასკვნით შენიშვნებში ასახულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, კერძოდ, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის რატიფიცირება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესება და ქორწინების მინიმალური ასაკის განსაზღვრა, რაც აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე განხორციელდა.

კომიტეტის მოსაზრებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონვენციის განხორცილების დამაბრკოლებელ ფაქტორად გვევლინება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვეყნის იურისდიქციის გავრცელების და შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის შეუძლებლობა. ამასთან, კომიტეტი მიესალმება სახელმწიფოს ძალისხმევას ოკუპირებულ რეგიონებში ბავშვთა ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გამტკიცების მიზნით.

კომიტეტის რეკომენდაციები მიმართულია ბავშვის ფიზიკური დასჯის და შეურაცხყოფის, სექსუალური ექსპლუატაციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საუკეთესო ინტერესების განხორციელების, ბავშვთა სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებისა და შესაბამისი ოჯახური გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე.

მათგან აღსანიშნავია, კომიტეტის მოწოდება სხეულებრივი დასჯის ამკრძალავი საკანონმდებლო რეგულაციების შექმნისა და რეფერირების პროცედურის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარების მიმართულებით. ასევე, კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მონაწილეობის შეფასებისა და სოციალური მუშაკების როლისა და რესურსების გაზრდის მნიშვნელობაზე.

კომიტეტი ხაზს უსვამს მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმის არსებობის დიდ მნიშვნელობას და მიესალმება სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობას. ამასთან, აღნიშნავს, რომ წევრმა სახელმწიფომ, გამომდინარე ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ინსტიტუტის მნიშვნელობიდან ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში, უნდა გამოყოს საჭირო ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსები, რათა გაძლიერდეს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის საქმიანობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)