საპატრიარქოსა და მუსლიმური აღმსარებლობის გაერთიანების დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა პანსიონების მონიტორინგი
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური აღმსარებლობის გაერთიანების დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების მონიტორინგი განახორციელეს.
კერძოდ, მოინახულეს დაბა ბედიანის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი, დაბა სტეფანწმინდას წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია–პანსიონი, ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია–პანსიონი, ქობულეთის მუსლიმთა პანსიონი, ფერიის მთაზე მდებარე გოგონათა და ვაჟთა მედრესე–პანსიონები.
მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ პანსიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება და ბენეფიციართათვის მიწოდებული მომსახურების შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე ფართომასშტაბიანი მონიტორინგი 2015 წლის აპრილისთვის დასრულდება. მონიტორინგის შედეგად მიღებული მასალებზე დაყრდნობით მომზადდება სპეციალური ანგარიში.