სიახლეები

სამუშაო შეხვედრები კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე

2020 წლის დეკემბერში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტისა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამმართველოების თანამშრომლებმა კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის აქტუალურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართეს.

ონლაინ რეჟიმში 7 საინფორმაციო სემინარი და დისკუსია შედგა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო უწყებების 900-მდე წარმომადგენელმა: სამართალდამცავებმა, ბავშვზე ზრუნვის სისტემის სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა, რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა, სკოლების დირექტორებმა და მასწავლებლებმა.

შეხვედრებზე აღინიშნა, რომ პანდემიამ უფრო მეტად გამოკვეთა უკვე არსებული პრობლემები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სახელმწიფო უწყებებს ახალი გამოწვევებისა და სწრაფი რეაგირების საჭიროების წინაშე აყენებს.

შეხვედრებზე ისაუბრეს ბავშვთა ძალადობისგან, განსაკუთრებით, ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და ფაქტებზე დროული და ეფექტური რეაგირების პრობლემებზე; ასევე, გაზრდილ სიღარიბესა და ცხოვრების არასათანადო დონეზე, განსაკუთრებით, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებში. საგანმანათლებლო დაწესებულებებში პანდემიამდე არსებულ გამოწვევებს (რომელთა შესახებ სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს), დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ტექნიკური პრობლემებიც დაემატა; არც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების განხორციელებისთვის საჭირო რესურსებია საკმარისი.

სახალხო დამცველის აპარატი მომავალ წელსაც გააგრძელებს შეხვედრებს ბავშვზე მომუშავე პროფესიონალებთან ქვეყნის მასშტაბით არსებული გამოწვევების უკეთ გაცნობის, მათი ანალიზისა და შესაბამისი უწყებებისთვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული დაეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებს, რათა მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით, მეტი ძალისხმევით შეძლონ ქვეყანაში არასრულწლოვანთა სათანადო საცხოვრებელი და საგანმანათლებლო პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება, ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების, მათი ჯანდაცვისა და განათლების უფლებების სათანადო რეალიზება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)