სამუშაო შეხვედრა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით
2023 წლის 25 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების უფლებრივ საკითხებზე სახელმწიფო უწყებების და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავრობის ადმინისტრაციის, სხვადასხვა სამინისტროს, სახელმწიფო უწყებებისა და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ ისაუბრა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი სერვისების სიმწირეზე, მათ მიმართ ძალადობის, ექსპლუატაციის, დისკრიმინაციის, ტრეფიკინგისა და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან დაცვის ხარვეზებზე.
ამასთან, თამარ გვარამაძემ დადებითად აღნიშნა ბოლო პერიოდში გამოკვეთილი პოზიტიური ასპექტები, როგორიცაა: ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა დაცვის 2023-2026 წლების სტრატეგიის შემუშავება; ბათუმში მათთვის დღის ცენტრის გახსნა; სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში გადაუდებელ შემთხვევებზე 24 საათიანი რეაგირების მექანიზმის დანერგვა და იმედი გამოთქვა, რომ გამართული შეხვედრა შესაბამის სამსახურებს დაეხმარება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების უფლებების ეფექტიან დაცვასა და პრობლემების დაძლევაში.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრეს შეხვედრის მონაწილეებმაც და გამოკვეთეს მოცემულ ეტაპამდე, განხორციელებული აქტივობები, პრაქტიკაში ამჟამად არსებული გამოწვევები, მათ შორის, სერვისების მიწოდებისას იდენტიფიცირებული გადაუჭრელი პრობლემები. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათზე ორიენტირებული და სისტემური მიდგომის, კოორდინაციის გაძლიერებისა და შესაძლო დამატებითი მომსახურებების დანერგვის საჭიროებაზე.
სამუშაო შეხვედრა „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმების USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის“ მხარდაჭერით განხორციელდა.“