სახალხო დამცველმა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი მოინახულა
2023 წლის 19 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი მოინახულა და მის საქმიანობას გაეცნო.
სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ფიზიკური გარემო, საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებებისთვის განკუთვნილი სივრცეები, მათ შორის, ბავშვების გამოკითხვის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისა და ძალადობაგანცდილი ბავშვების რეაბილიტაციის პროცესისთვის განკუთვნილი ოთახები. ასევე, შეხვდა და ესაუბრა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორს და თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულების უფროსს.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაწეულ მუშაობას - სექსუალური ძალადობა გამოვლილი ბავშვებისა და მათი ოჯახების სარეაბილიტაციო სერვისებისა და პროგრამების განსახორციელებლად. შესაბამისად, აუცილებლად მიაჩნია ცენტრის უწყვეტი გაძლიერება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დამატებითი ცენტრის ამოქმედება დასავლეთ საქართველოში, რაც უკვე წლებია იგეგმება.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულთა პრევენციის, დროული გამოვლენისა და ეფექტიანი რეაგირების მნიშვნელობას, ამ საკითხებთან დაკავშირებით უწყებათაშორის დროულ, კოორდინირებულ რეაგირებას, ბავშვზე მორგებული მიდგომით მოქმედებასა და მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვაზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარებას. არსებითად მნიშვნელოვანია ასევე, საზოგადოების, განსაკუთრებით, კი ბავშვების ინფორმირება ძალადობის ფორმების, მათი ნიშნებისა და დამცავი მექანიზმების შესახებ.
სახალხო დამცველმა ასევე, მოინახულა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი. დაათვალიერა დაწესებულებები, გაეცნო თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის სერვისებს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურების მიღების შესაძლებლობებს.
სახალხო დამცველი განაგრძობს ბავშვებისა და ქალების ყველა ფორმის, მათ შორის, სექსუალური ძალადობისგან დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს, ამ მხრივ სახელმწიფო უწყებების მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებას და არსებული გამოწვევების საფუძველზე გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.