სიახლეები

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში“

2019 წლის 11 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა სპეციალური ანგარიში, სადაც წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლება, მისი განხორციელების მნიშვნელობა და საქართველოში არსებული გამოწვევები განიხლა.

საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის მნიშვნელობაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. „ჩატარებულმა კვლევამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა არსებული პრობლემები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას და ხელს უშლის მათ განათლების უფლების ეფექტურ რეალიზებაში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დოკუმენტის მომზადების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წელს უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლების მონიტორინგი განახორციელა. კერძოდ, მოიკვლია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, შეამოწმა 108 საჯარო სკოლა, მოაწყო ფოკუს-ჯგუფები მოსწავლეებთან; შეისწავლა სკოლების შიდა რეგულაციები და მიღებული ინფორმაცია შესაბამისი სფეროს ექსპერტების ჩართულობით დაამუშავა.

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლების დიდ ნაწილში ნაკლებად ხელმისაწვდომია სასმელი და ტექნიკური გამოყენების წყალი; წყალმოხმარების ობიექტები და საპირფარეშოები გაუმართავი ან მოუწესრიგებელია, რიგ შემთხვევებში, ანტისანიტარული მდგომარეობაა. წყალის არარსებობა პრობლემებს უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის თანამშრომლებსა და დამლაგებლებს, ვინაიდან მათ ტექნიკური გამოყენების წყლით სკოლის მომარაგება რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ადგილობრივი მოსახლის ეზოდან ან საერთო წყალმოხმარების ობიექტიდან უხდებათ. ასეთ პირობებში მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკმარისი ოდენობის სასმელი წყალი, დაიბანონ ხელი და ა.შ.

შემოწმებულ სკოლებში ფიქსირდება არაიზოლირებული და სარემონტო საპირფარეშოები (მათ შორის, ხშირად ტუალეტებს არ აქვს კარი, არ მუშაობს ხელსაბანი ონკანი); არ ფუნქციონირებს კანალიზაციის სისტემა.

დაბალია სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა ინფორმირებულობის დონე სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის უსაფრთხოების თაობაზე, რაც განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ პირობებში, როდესაც შემოწმებული დაწესებულებებიდან 71.3%-ში წყლის უვნებლობის მონიტორინგი არასდროს განხორციელებულა. შემოწმებული სკოლების 77.4%–ს არ გააჩნია წყლის ხელმისაწვდომობის შესახებ სპეციალური შიდა რეგულაციები.

როგორც მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, საჯარო სკოლებს ტერიტორიული თუ ფინანსური მისაწვდომობის პრობლემების გამო, ნალებად აქვთ შესაძლებლობა, შესაბამისად აკრედიტირებულ ლაბორატორიებში თავიანთი ინიციატივით შეამოწმონ წყლის უვნებლობა. ამასთან, ადმინისტრაციის ნაწილი არ არის ინფორმირებული, რომელ უწყებას ევალება ან რა გზით უნდა შემოწმდეს სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის უვნებლობა.

საქართველოში წყლის და სანიტარიის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარალამენტო ანგარიშშიც არის საუბარი. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით წყალი საერთოდ არ მიეწოდება 94 საჯარო სკოლას, 2 084 საჯარო სკოლიდან მხოლოდ მცირე ნაწილში მოწმდება წყლისა და სანიტარული ნორმების დაცულობა; თუმცა, გადაუჭრელ პრობლემად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის შემუშავება რჩება.

ანგარიში - „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში“, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)