სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება სწავლების პროცესთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2021 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას საბავშვო ბაღების მუშაობისა და თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში დისტანციური სწავლების პროცესის 1 მარტიდან განახლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბავშვზე სამზრუნველო დაწესებულებების ხანგრძლივი ვადით დისტანციურ რეჟიმზე დარჩენა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს განათლების უფლების ეფექტურ განხორციელებას. ამასთან, იმ სკოლებში სადაც სწავლის პროცესი მიმდინარეობს ან იგეგმება განახლება, მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურა, წყლის მისაწვდომობა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა პასუხობდეს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს პოზიციით, სკოლების დახურვამ საფრთხის ქვეშ დააყენა ბავშვების განათლების უფლება. ამასთან, სკოლების გახსნის პროცესში, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ეფექტური კოორდინაცია.

პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა საქართველოში განათლების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული გამოწვევები. დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში სრულყოფილად ჩართვას ვერ ახერხებენ ბავშვები, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ხოლო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი შინამეურნეობების მხოლოდ 61.8% არის კომპიუტერით უზრუნველყოფილი. სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პრობლემები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს - შეზღუდული შესაძლებლობის, სიღარიბეში, სახელმწიფო ზრუნვაში, რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს ექმნებათ.

პანდემიის პირობებში განათლების უფლების უზრუნველყოფის თაობაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. რიგ ქვეყნებში გამოიყო ფინანსური რესურსი მოსწავლეებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და ინტერნეტის უზრუნველსაყოფად. ამასთან, სკოლებში, სადაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, გათვალისწინებულია არსებული რეკომენდაციები, რაც გულისხმობს პირბადის ტარებას, შენობის რეგულარულ დეზინფექციას, სპეციალური სასწავლო გრაფიკის შედგენას მოსწავლეთა ნაკადების შემცირების მიზნით და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს

საქართველოს მთავრობას:

  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საბავშვო ბაღების ხანგრძლივად დახურვის, ასევე მათი გახსნის შესახებ გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში იყოს დასაბუთებული და ეყრდნობოდეს ინდივიდუალური მიდგომის მეთოდით შეფასებას. მათ შორის, პროცესში შესაბამისი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ინდივიდუალური საჭიროებები, მშობლების, ბავშვებისა და პედაგოგების აზრი და ჩართულობა;

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  • უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობა ინფრასტრუქტურული, წყლის მისაწვდომობის, სანიტარიის და ჰიგიენის დაცვის მიმართულებით. ამასთან, მოახდინოს შესაბამისი სადეზინფექციო და პრევენციული საშუალებებით აღჭურვა და მუდმივი განახლება;
  • სრულად შეაფასოს დისტანციური სწავლების პროცესში ქვეყნის მასშტაბით არსებული ხარვეზები, მათ შორის, ბავშვების ინტერნეტზე, კომპიუტერულ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები და პროცესის დაგეგმვისას მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული თითოეული ბავშვის საჭიროება;
  • შეაფასოს სკოლის მიტოვების რისკები, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებში და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები იდენტიფიცირებული გამოწვევების შესაბამისად;
  • შეაფასოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ეფექტური კოორდინაციით იმსჯელოს მათ გაუმჯობესებაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

  • ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეფასდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭიროებები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პრობლემები, დაიგეგმოს ღონისძიებები აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით და სრულად განხორციელდეს საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო რესურსით;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემების შესაბამისად, ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას. მათ შორის, თითოეულ სკოლაში, სადაც პრობლემაა წყლის ხელმისაწვდომობა და საპირფარეშოებში არსებული მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, დაიგეგმოს პრობლემის მოგვარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და შესაბამისი სარემონტო სამუშაოები.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)