სახალხო დამცველის აპარატი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიერ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიერ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. გავრცელებულ კადრებში ასევე, ჩანს თუ როგორ გადარბიან ბავშვები საავტომობილო გზაზე სამართალდამცავებისგან გაქცევის მიზნით, რაც საფრთხის შემცველია, როგორც უპირატესად მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე საკმაოდ დატვირთული საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, იქნებიან ეს მძღოლები, მგზავრები თუ ქვეითად მოსიარულე პირები.
საქართველოში ასეულებით ბავშვის ყოველდღიურობას წარმოადგენს მძიმე რეალობა, რასაც ქუჩაში ცხოვრება და მუშაობა ჰქვია. ბავშვების ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის განმაპირობებელი გარემოებები მრავალფეროვანია და უკავშირდება სიღარიბეს, თავშესაფრის არქონას, ძალადობას, უგულებელყოფასა თუ სხვა ფაქტორებს. ქუჩაში ცხოვრება და მუშაობა საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლეს და სრულფასოვან განვითარებას. ისინი განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ძალადობის, ტრეფიკინგისა და სხვა დანაშაულებისადმი. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათ დროულ გამოვლენასა და დაცვას.
ამ მხრივ მისასალმებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის მიზნით საქართველოს 2023-2026 წლების სტრატეგიის შემუშავება. თუმცა, ქვეყანაში კვლავ არსებითად არასაკმარისია მიუსაფარი ბავშვების თავშესაფრების, დღის ცენტრების და სპეციალისტების რაოდენობა, რომლებიც მათთან მუშაობენ. ამასთან, არ არსებობს ქუჩაში ცხოვრების, მომუშავე და შემწეობის მთხოვნელი ბავშვების ქცევის პოზიტიური მართვისა და მათი ქუჩაში დაბრუნების პრევენციისთვის აუცილებელი დამატებითი მექანიზმები. მწირია ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებაზე ორიენტირებული სერვისები.
ხაზგასასმელია, ასევე, სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების არასათანადო ინფორმირებულობა, ცოდნა და მწირი უნარები განცხადებაში აღნიშნულ შემთხვევებზე მოახდინონ ეფექტური, ბავშვზე მორგებული, დროული და კოორდინირებული რეაგირება. აქვე, პრობლემურია მათი მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევის გარემოებების მყისიერი მოკვლევა და სათანადო სამართლებრივი რეაგირება, ასევე კოორდინაცია სხვა უწყებებთან.
შესაბამისად, ბავშვების ამ მძიმე რეალობისგან დასაცავად აუცილებელია, უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობით,
- სახელმწიფომ დროულად დაგეგმოს და გაატაროს კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის დანაშაულის პრევენციის კუთხით;
- დანერგოს ქუჩაში მცხოვრები, მომუშავე თუ შემწეობის მთხოვნელი ბავშვების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე ორიენტირებული დამატებითი სერვისები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების რთული ან/და ანტისოციალური ქცევის პოზიტიურ მართვას, უზრუნველყოფს მათი ქუჩაში დაბრუნების პრევენციას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გამოთქვამს სრულ მზაობას - წარმართოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა შესაბამის უწყებასთან და წარუდგინოს მათ დამატებითი რეკომენდაციები მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე რეაგირებისა და შესაბამისი მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით.