სიახლეები

სახალხო დამცველი შიდა ქართლის რეგიონის სოფლების მოსწავლეებს შეხვდა

2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და ადამიანის უფლებების სწავლების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველის როლზე, მის საქმიანობასა და მანდატზე ესაუბრნენ.

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მუდმივად მზარდი საფრთხეები და გამოწვევები მიმოიხილა; აპარატის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების ფორმები, რეაგირება და რეკომენდაციების შესრულებაზე მეთვალყურეობის საკითხები და აპარატისადმი მომართვიანობის მექანიზმი გააცნო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბავშვთა უფლებებზე, სკოლების ინფრასტრუქტურაზე, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვაზე. ისაუბრეს სახელმძღვანელოებში სტიგმის, სტერეოტიპებისა და პროზელიტიზმისგან გათავისუფლების აუცილებლობაზე და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მნიშვნელობაზე, რათა დღევანდელ ბავშვებს ხვალ სწორი წარმოდგენა ქონდეთ ადამიანის უფლებების სიკეთეებზე და სამოქალაქო პრინციპებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად გაიზარდონ.

ასევე ისაუბრეს იმ შეზღუდვებზე და უფლებადარღვევებზე, რასაც ყოველდღიურად განიცდიან კონფლიქტურ რეგიონებში და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ბავშვები; ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკასა და მის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევაზე. აქვე გააცნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ცალკეული მიმართულებები.

მოსწავლეები დაინტერესდნენ გახმაურებული საქმეებით, მათ შორის, მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლის თვითმკვლელობის მცდელობის, გახშირებული აქციებითა და ამ მიმართულებით გამოხატვის თავისუფლების საკითხებით.

ღონისძიება გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება „ბილიკის“ ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლის რეგიონის სოფლების 13 საჯარო სკოლის 25 მოსწავლემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების დეპარტამენტის თანამშრომელმა მარიამ ბოჭორიშვილმა და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსმა გვანცა დავითაშვილმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)